English / ქართული / русский /
ლინა დათუნაშვილი
ახალი ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარების ასპექტები მემცენარეობაში (მსოფლიო გამოცდილება)

ანოტაცია. ნაშრომში ახალი ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარებაგანხილულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება სოფლის მეურნეობის (მემცენარეობის) მდგრადი განვითარების გზაზე და საშუალებას იძლევა ეფექტურად გადაწყდეს დარგში არსებული მრავალი პრობლემა. ტექნიკური ინოვაციები აგროკულტურის მხოლოდ ნაწილია, ხოლო  სოფლის მეურნეობაში სულ უფრო მეტი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა საშუალებას იძლევა, დამუშავდეს ნიადაგი ზუსტი მიწათმოქმედების ტექნოლოგიების საშუალებით, გაუმჯობესდეს სელექცია, ორგანული წარმოება, დაინერგოს IT-ტექნოლოგიები, მოხდეს გაციფროვნების, ავტომატიზაციის და სხვა ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება და გაიზარდოს მოსავლიანობა. ნაშრომში განხილულია მემცენარეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების რეალიზების მაგალითები (ტექნოლოგიურად განვითარებული ინოვაციური ქვეყნების მაგალითზე), რომელთა დახმარებით იქმნება ახალი პროგრამები და ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობაში წარმოებული სასურსათო პროდუქციის მოცულობის ზრდასა და ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებასთან. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მიღწეული ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად დარგში საკმარისადაა პრობლემებიც. დარგში არსებული პრობლემების შესარბილებლად სტატიაში დასახულია რიგი ღონისძიება.

 საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, მემცენარეობა, ინოვაციური ტექნოლოგიები, აგრარული რევოლუცია, მიწათმოქმედების ტექნოლოგია. 

* * *

სოფლის მეურნეობა მსოფლიო მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ბუნებრივ პირობებზე მეტად დამოკიდებული სფეროა. იგი დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ცხოვრების წესია. სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიური პროცესები მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწასთან, როგორც წარმოების ძირითად საშუალებასთან. მისი სივრცობრივი მოცულობის განსაზღვრულობის გამო მიწა არამობილურია, ე. ი. შეუძლებელია მისი გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს მკვეთრად ამცირებს. ამასთან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ФАО) მონაცემებით 2025 წელს მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვი 8 მილიარდს მიაღწევს, 2050 წელს კი 9,6 მილიარდი იქნება, რის გამოც მსოფლიოში სურსათის წარმოება 70%-ით მაინც უნდა გაიზარდოს, რაც სოფლის მეურნეობის სექტორს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. ФАО-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მიწის ზედაპირის – ნიადაგის 78% განიცდის მნიშვნელოვან ბუნებრივ შეზღუდულობას მიწათმოქმედების განვითარებასთან დაკავშირებით. ნიადაგის ფართობის 13% გამოირჩევა დაბალი –  6% საშუალო და 3% მაღალი ნაყოფიერებით. სოფლის მეურნეობის თავისებურებანის გათვალისწინება მნიშვნელოვნად განაპირობებს მსოფლიოში მემცენარეობისა და მეცხოველეობის თანამედროვე პრინციპებით განვითარების აუცილებლობას.

მემცენარეობა მსოფლიო სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგია, იგი პრაქტიკულად თითქმის ყველგან არის განვითარებული, გარდა ტუნდრისა და მაღალმთიანი რეგიონებისა. მემცენარეობაში ახალი ჯიშის კულტურები, დამუშავების ახალი ტექნოლოგიები და მოსავლიანობის ზრდა იწვევს სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მწარმოებლურობის ზრდას. რადგან სოფლის მეურნეობის დარგი და მთლიანად აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარება დღეს არსებულ გამოწვევებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების წარმოებაში დანერგვით უზრუნველყოფს და  მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება ხდება.

ამჟამად სოფლის მეურნეობის დარგი, ფერმერები და აგრარები ემსგავსებიან მეცნიერებს საიდუმლო ლაბორატორიიდან და ინოვაციები კი აქცევენ მათ სამუშაოს ძირეულად ეფექტურს.  მათი დახმარებით იქმნება ახალი პროგრამები და ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. მაგ., დღეისათვის მსოფლიოში აწარმოებენ უფრო მეტ სურსათს, ვიდრე კაცობრიობას შეუძლია მოიხმაროს, მაშინ, როდესაც ყოველი მეცხრე ადამიანი ყოველდღიურად შიმშილობს, ხოლო ყოველი მესამე არასრულფასოვნად იკვებება. „ნულოვანი შიმშილი“ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც მოწოდებულია გააუმჯობესოს პლანეტაზე სიტუაცია კვების დარგში 2030 წლისათვის, მათ შორის სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხარჯზე.

თანამედროვე სოფლის მეურნეობის პრაქტიკაში აგრარული რევოლუციები - სიახლეა. მას დარგი ახალ დონეზე აჰყავს და ითვალისწინებს სოფლის მეურნეობაში IT-ტექნოლოგიების დანერგვას, რომლებიც შეამცირებენ ხელით შრომას, გაზრდიან მოსავლიანობას. „ჭკვიანური ფერმერობის“ პროგრამის ფარგლებშისოფლის მეურნეობაში გაციფროვნების, ავტომატიზაციისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად  (20%-დან) ამცირებს დანახარჯებს სასუქზე, საწვავზე და სხვ. ამავდროულად ზრდის მწარმოებლობას. Grand View Research გამოთვლებით, ჭკვიანი ფერმერობის ბაზარზე წამყვან როლს თამაშობენ აშშ, გერმანია, ჩინეთი და ინდოეთი, სადაც ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელით შრომა ჩანაცვლდება რობოტიზაციით და უშუალოდ ადამიანის როლი შრომის პროცესში იცვლება.თანამედროვე ფერმებში რობოტები აჭმევენ და წველიან ძროხებს, ასუფთავებენ და ზრუნავენ მათ ჯანმრთელობაზე. მინდვრად მანქანები ადამიანის ჩარევის გარეშე მარგლიან ნათესებს, იღებენ მოსავალს, მაგ., მარწყვის, პომიდვრის, მარცვლის საცავებში არეგულირებენ ტემპერატურას; ხილის საწყობებში  –  სინესტეს. მფრინავი უპილოტო აპარატები კი  „პატრულირებენ“ სასოფლო-სამეურნეო ადგილმდება­რეობას, პოულობენ გამომშრალ ადგილებს და საჭიროებისამებრ რწყავენ, თვითონ აფასებენ მცენარეთა  ჯანმრთელობის მდგომარეობას, პოულობენ და აანალიზებენ იმ ფართობებს, სადაც მცენარეები ყველაზე კარგად იზრდებიან. აგრეთვე აკონტროლებენ ხილის კრეფისას არ მოიკრიფოს უმწიფარი ნაყოფი. კომპიუტერული კამერების მიერ გადაღებული სხვადასხვა მასალიდან ჭკვიან კამერებს შეუძლიათ გამოარჩიონ საჭირო მასალა. მაგ., ნორვეგიაში დრონებს იყენებენ თევზჭერის მეურნეობებში, ჩინეთში გამოარჩევენ დაავადებულ ღორებს.  არის კიდევ უპილოტო კომბაინები, რომლებიც დადიან მინდვრებში: ხნავენ, თესავენ და  იღებენ მოსავალს. ფერმერმა უბრალოდ უნდა დააყენოს კომბაინი ნაკვეთის საწყის წერტილზე  და საღამოს დააბრუნოს უკან. მიწის ერთი და იმავე ნაკვეთის სხვადასხვა ნაწილს შეიძლება სრულიად განსხვავებული თვისებები გააჩნდეს, ამიტომ მათი დამუშავება სხვადასხვაგვარადაა მიზანშეწონილი. ზუსტი მიწათმოქმედების ტექნოლოგიების საშუალებით თანამგზავრები და დრონები ქმნიან 3D-რუკებს, და აქვთ მასზე ინფორმაცია ნიადაგის ცალკეული მონაკვეთის ქიმიური შემადგენლობის შესახებ, რისი ანალიზის საფუძველზე დგება მორწყვისა  და განაყოფიერების ზუსტი გეგმა (რამდენიმე სანტიმეტრის სიზუსტით), რაც იძლევა თესლებზე, სასუქებზე და საწვავზე 30%-იანი ეკონომიის შესაძლებლობას.

დღეისათვის სოფლის მეურნეობა წარმოადგენს დრონების სამრეწველო გამოყენების ერთ-ერთ უმსხვილეს დარგს. მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მე-10 აგროსაწარმო იყენებს ამ ტექნოლოგიას. 2021 წლისთვის მსოფლიოში მუშაობდა  29 მლნ დრონი. მომავალში დრონების მეშვეობით მოხდება ეფექტური შეწამვლა და მორწყვა. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ლიდერობს შვეიცარია. უპილოტო საშუალებები აქ უკვე დიდი ხანია გამოიყენება ნათესების მონიტორინგისათვის. მაგ., სტარტაპი Gamaya, რომელიც ქ. მორჟშია, ჟენევის ტბასთან, წარმოადგენს ლოზანის პოლიტექის (EPFL) თავისებურ ფილიალს, და სპეციალიზდება ნათესების ე.წ. ჰიპერსპექტრალურ ფოტოგადაღებებზე, იყენებს სპეც. გადამცემებს და კამერებს, რომლებიც უშუალოდ სოფლის მეურნეობისათვისაა დამუშავებული.

ასევე საინტერესო და საყურადღებოა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინოვაციური  ინტერნეტგადამცემების მასიური დანერგვა. ამ მეთოდით, ხელოვნური ინტელექტი აგროვებს მრავალ მონაცემს, აანალიზებს მათ, რის შედეგადაც ქმნის კომპლექსურ სისტემებს და ამის საფუძველზე აკეთებს დამოუკიდებელ დასკვნებს. ავსტრალიაში, მაგალითად, მანქანური სწავლების დახმარებით აკეთებენ ყავის  მოსავლის პროგნოზებს. მეცხოველეობაში მისი  დახმარებით შეიძლება გაკეთდეს ძროხის რეპროდუქტიულობის პერიოდის პროგნოზი ან დაიგეგმოს რაციონის ცვლილება. ასევე კომპლექსური სისტემის საშუალებით განისაზღვრა, რომ წვიმის დროს იზრდება საწვავის ხარჯი, ხოლო საშუალო ტემპერატურის ნახევარი გრადუსით დაწევა ამცირებს მოსავლიანობას.

ტექნიკური ინოვაციები – აგროკულტურის მხოლოდ ნაწილია. სოფლის მეურნეობაში სულ უფრო მეტი ტექნოლოგიები ინერგება, რომლებიც საშუალებას იძლევა დამუშავდეს ნიადაგი, გაუმჯობესდეს სელექცია და გაიზარდოს მოსავლიანობა.

სელექცია. გენური ინჟინერია   ეხმარება სპეციფიკური თვისებების მქონე მცენარეების კულტივირების პროცესს, რომელიც შეუძლებელია სელექციის ძველი, ტრადიციული მეთოდებით. ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას იძენს სელექციური მუშაობა, რომელიც იყენებს როგორც ტრადიციულ, ასევე უახლოეს ტექნოლოგიებს. სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებით ამ დარგს შეუძლია შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების რელსებზე გადასვლის  პროცესში.

დღეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მესამედი კვალიფიცირდება როგორც „დეგრადაციის პროცესში“ მყოფი. აქედან გამომდინარე სრულიად ნათელია თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ახლო მომავალში ისეთი ინოვაციები, რომლებიც შეიძლება გახდეს საკამათო, გენური ინჟინერიის ალტერნატივა.

შვეიცარიულმა კვლევებმა საკმაოდ მაღალი რეპუტაცია მოიხვეჭეს ისეთი მემცენარებისა და მეთესლეობის სელექციის კუთხით, რომლებსაც დიდი მდგრადობა ახასიათებთ სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

ბოლო დროს სააგენტო Agroscope და უმაღლესი ტექნილური სკოლა (ETH) ციურიხში დიდ ყურადღებას უთმობს გენომურ სელექციას, რომელიც ითვლის ტრადიციულ სელექციურ ტექნიკას და რომელსაც არაფერი აქვს საერთო გენურ მოდიფიკაციებთან. შედეგად შვეიცარიელ ფერმერებს და მთლიანად მსოფლიოშიც, თეორიულად უკვე გააჩნიათ წვდომა მაღალხარისხიან, დაავადებებისგან, მავნებლებისგან და არასასურველი ამინდისგან მაქსიმალურად დაცულ თესლებთან.

დღეისათვის მემცენარეობაში დამუშავების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით [მაგ., 2019 წლის შედეგების მიხედვით  CLAAS KGaA GmbH  (გერმანული მანქანათმშენებლობის (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მთავარი მწარმოებელი კომპანია], კომპანიის ექსპერტებმა გამოყვეს  ყველაზე პერსპექტიული  მიმართულებები, რომლებიც უახლოეს  10-20 წლის განმავლობაში კარდინალურად შეცვლიან სასოფლო სამეურნეო წარმოებას. კომპანიებს შეუძლია ეფექტური დამუშაობის საფუძველზე ხორბლის მოსავლიანობა გაზარდონ 80-100 ც/ჰ-მდე (ცენტნერი/ჰექტარზე). გარდა ამისა უნივერსალური მომკელი და კომბაინის კონსტრუქცია, დაცეხვის ახალი სისტემის გაჩენა (როგორიცაა წლევანდელი LEXION – APS SYNLOW WALKER) საშუალებას აძლევს მანქანებს გადალახონ დაბრკოლებები სხვადასხვა  პირობებში, მაგ., გამომშრალ  და ნებისმიერი კულტურის პირობებში. ასევე აქტუალურია: 1. გვალვის გამძლე მცენარეები. მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობა მოიხმარს მტკნარი წყლის 70%-ს, ხოლო გლობალური დათბობა ამცირებს მის მარაგს და ზრდის გვალვის პერიოდს. ეს უფრო ზრდის მოთხოვნას იმ ჯიშის მცენარეების, რომლებიც გვალვის დროსაც კი მაღალ მოსავალს იძლევიან. ამ მიმართულებით შედეგიანი გამოდგა ამერიკელი მეცნიერების კვლევები, რომლებმაც გენომის რედაქტირების გზით გაზარდეს სიმინდის ARGOS8 ცილის გამომუშავება. შედეგად მცენარე იძენს თვისებას დამწიფდეს და მისცეს კარგი მოსავალი წყლის ნაკლებობის პირობებშიც კი.  ბაზარზე ეს ჯიში უახლოეს 5-10 წელიწადში გაჩნდება. 2. ქალაქის სოფლის მეურნეობა. გაეროს სასურსათო და სასოფლო სამეურნეო ორგანიზაციის გამოთვლებით, 2050 წლისათვის დედამიწის მოსახლეობა გაიზრდება 10 მილიარდამდე, აქედან 70% იცხოვრებს ქალაქში, რაც უფრო გაამწვავებს ქალაქის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მომარაგების პრობლემას. ნიუ-იორკში რეალიზებულია ხილის მოყვანის უნიკალური პროექტი შენობათა სახურავებზე. სპეციალური მსუბუქი გრუნტისა და რეცირკულაციის ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას იძლევა შემცირდეს წყლის გამოყენების ხარჯი. გარდა ქალაქების ახალი ხილით მომარაგებისა, მსგავსი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ეფექტურად გადაწყდეს მრავალი სხვა პრობლემა.

დღეს სოფლის მეურნეობაში მეტად დიდი ინტერესის მატარებელია ორგანული წარმოება. ეს არის უარის თქმა სინთეტიკურ სასუქებზე, პესტიციდებზე, და ვეტერინალურ პრეპარატებზე. მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია  მემცენარეობისა და მეცხოველეობის წრის შეკვრა: როცა ერთი დარგის ნარჩენები გამოიყენება მეორე დარგში სასუქად. ამის შედეგად ნიადაგი დიდხანს რჩება გამდიდრებული, რაც იწვევს წყლისა და ენერგიის ეკონომიას. ბიოპესტიციდები კი - ეს არის მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის პრეპარატები, რომლები არ აფუჭებენ  არც თვითონ ნათეს კულტურებს, არც გარემოს. იგი შეიცავს მწერების ფერონომენს, მცენარეთა ექსტრაქტებს, ბაქტერიებს, სოკოებს ან ვირუსებს, რომლებიც ხელს უშლიან მავნებლების გამრავლებას. ასევე ინერგება ბიორემედიაცია, წყლის ან ნიადაგის გაწმენდის წესი სოკოების, მცენარეების, მწერების ან სხვა ორგანიზმების მეშვეობით. ამისათვის დაბინძურების ადგილზე (მაგ., ნავთობის ჩაღვრის ადგილზე) გადაჰყავთ სპეციალური ბაქტერიები, რომლებიც დაქცეულ საწვავს აღიქვამენ როგორც საკვებს და გადამუშვების შემდეგ გადააქცევენ წყლად და არამავნე გაზებად.

დღეისათვის ე.წ. სურსათის წარმოების „ბიოტექნოლოგიებზე“ გადასვლის საუკეთესო მაგალითს იძლევა შვეიცარული ფერმერული მეურნეობები (მათი რაოდენობა 15%-ს აღწევს). ზოგიერთი ამ ახალი ტექნილოგიებიდან ეხმარება ბიოფერმერებს, ეფექტურად ებრძოლონ მავნებლებს და დაავადებებს მათი გაჩენისთანავე. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ეკოლოგიური მიწათმოქმედების მეთოდები ძველებურად ვერ უწყობენ ხელს მოსავლიანობის ზრდას. ამ პრობლემის გადაჭრას დაეხმარება ე.წ. მომჭირნეობის პრინციპი. კვლევები, რომლებიც ETH-მა ჩაატარა ციურიხში, აჩვენებენ, რომ წელიწადში შვეიცარიაში იყრება 2,8 მლნ. ტონა სრულიად გამოსაყენებელი სურსათი.

შვეიცარიის მაგალითზე („ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“)  სოფლის მეურნეობა არ არის უბრალოდ გლეხები და ფერმერები. ეს არის ძლიერი ადმინისტრაციული რესურსების მქონე ძლიერი პოლიტიკური კლასი, რომელსაც საზოგადოებრივი გავლენა გააჩნია. ისინი წარმოადგენენ სტაბილური ეკოლოგიური მდგომარეობის გარანტებს: რომ არ იყოს მთიანი საძოვრები ძროხებისთვის, ისინი დიდი ხნის წინ ჩამოეშლებოდათ თავზე სწორედ ამ ქალაქებს. ამიტომ შვეიცარია მათ წელს უმაგრებს ძლიერი სუბსიდიებით და დოტაციებით, ამისდა მიუხედავად შვეიცარიის სოფლის მეურნეობაში საკმარისადაა პრობლემებიც. კლიმატის ცვლილებები კარდინალურად ცვლის მეურნეობის პირობებს, თუმცა ყოველთვის უარესობისკენ არა: მაგ., მევენახეობას ძალიანაც უხდება კლიმატის დათბობა.

ხარისხიანი კვების პროდუქტებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამ მხრივ მწვავე კონკურენციაა უცხოელ მწარმოებლებთან. აქ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან ერთად წინა პლანზე გამოდის ტექნოლოგიური ინოვაციები. ფერმერული მეურნეობების მართვის პროცესების ციფრულ რელსებზე გადაყვანა („ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“) დღეს უკვე ეხმარება ფერმერებს თავიანთი მუშაობის ოპტიმიზირებაში, რათა უფრო მეტი მოგება მიიღონ ერთდროულად გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებით.

მაგ., წინასწარი ინფორმაციის ფლობით ნათესების მწიფობის მიმდინარეობის შესახებ, მათ შეუძლიათ ზუსტად იცოდნენ, რომელი ნაკვეთის შეწამვლაა აუცილებელი. ზუსტად იგივე ხდება მეცხოველეობაშიც. მაგრამ დიდი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება – ეს მხოლოდ ერთი ასპექტია „ინფორმაციული ტალღის“, რომელმაც დღეს მთელი სასოფლო-სამეურნეო დარგი მოიცვა.

შვეიცარიაში თითქმის 50 ათასამდე მცირე ფერმერული მეურნეობაა, რომელთა წარმოება უზრუნველყოფს სურსათზე ეროვნული მოთხოვნილების დაახლოებით ნახევარს; ბევრი ამ მეურნეობათაგანი ოჯახური მეურნეობებია, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემა.

ამასთან ერთად აღსანიშნავია და მეტად საყურადღებოა  სოფლის მეურნეობაში მეცნიერებაზე დაფუძნებული კვლევებისა და გამოცდილების ინტენსიური გამოყენების ტენდენცია. ამ კუთხით შვეიცარულ სოფლის მეურნეობას გააჩნია უნიკალური შანსი და პრივილეგია, დაეყრდნოს ფედერალური კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო კვლევითი აგრონომიული ცენტრების გამოცდილებას, რომელთა მუშაობის კოორდინაცია ფედერალურ დონეზე ხდება სამთავრობო სააგენტო Agroscope-ს მიერ.

2020 წელის დასაწყიში შვეიცარიაში ამოქმედდა პროექტი, რომლის საბოლოო მიზანია უფრო მეტად თანმიმდევრული გაერთიანება ყველა მონაწილის პოტენციალისა და ძალისხმევის, აგრეთვე ეკონომიკის კერძო სექტორის ჩართვაც, რათა შვეიცარიის როლი, როგორც მოწინავე მსოფლიო კვლევითი აგრონომიული ცენტრისა, მეტად გამოიკვეთოს.

2020 წლის დასაწყისში დავოიში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთ რიგით სესიაზე ქვეყანამ ოფიციალურად წარმოადგინა საკუთარი „ინოვაციური სასურსათო ველის“ (Swiss Food and Nutrition Valley) პროექტი. მისი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ სოფლის მეურნეობის პრობლემების გადაწყვეტის პროცესში აქტიურად ჩართულიყვნენ „ტალანტური ტვინები“, დამწყები მეწარმეები და ინვესტორები, აგრეთვე მათი გადაწყვეტილებებისა და გამოგონებების ხელშეწყობით მიღწეულიყო ხარისხიანი საკვები პროდუქტების წარმოების განუხრელი პროცესი.

დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ სოფლის მეურნეობის გაციფრება გლობალური ტრენდია, რომელის უპირატესობები დღეისათვის უკვე ნათელია. თუმცა ასევე ნათელია სირთულეებიც და საფრთხეებიც.

დღეისათვის   მსოფლიო სასურსათო კრიზისის შესარბილებლად აუცილე­ბელია შემუშავდეს გრძელვადიანი პროგნოზები მსოფლიო მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ამუშავდეს სხვადასხვა შესაბამისი პროგრამები. ამ პროგრამებში განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს რესურსდამცავი ტექნოლოგიების დამუშავებას  და ათვისებას მეურნეობის ყველა იმ სფეროში, რომლებიც დაკავშირებული არიან მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფასთან. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Нано, био, смарт и не только: современное сельское... meduza.io›feature/2020/10/08/nano-bio-smart…tolko Сельское хозяйство становится модным — во многом благодаря растущей  прибыльности.
  2. 5 инноваций сформируют сельское хозяйство будущего AgroXXI.ru›stati/5-innovacii-sformiruyut-selskoe…
  3. Перспективы развития мирового сельского хозяйства до... rosng.ru›post/content…razvitiya-mirovogo-selskogo…
  4. Инновации в сельском хозяйстве Швейцарии – SwissInfo https://www.swissinfo.ch ›    rus › инновации-в-сельско... 3 сент. 2020 г. — В итоге фермеры в Швейцарии, да и во всем мире,    в теории уже   имеют.